კონფერენცია „სოციალური მუშაობა, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პროფესია“

9 დეკემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართება კონფერენცია „სოციალური მუშაობა, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პროფესია“.

მეორე სტუდენტურ კონფერენციას სოციალური მუშაობის თემაზე მართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებებზე ფოკუსირებული გლობალური პროფესიის, სოციალური მუშაობის, შესახებ.

სოციალური მუშაობის განვითარების საერთაშორისო ანალიზმა აჩვენა, რომ მისი პრაქტიკა განსხვავებულად განვითარდა ცალკეული ეროვნული სახელმწიფოების კონტექსტში და ის თვითმყოფადია კონკრეტული კულტურებისა და ქვეყნებისთვის. თუმცა გლობალიზებულ სამყაროში სოციალურ პრობლემათა ტრანსნაციონალიზაციის პროცესში ადამიანის უფლებების, როგორც ძლიერი ინსტრუმენტის, მნიშვნელობა სოციალური მუშაობის სფეროში უფრო საყურადღებო ხდება. ამრიგად, მნიშვნელოვანია სოციალური მუშაობის, როგორც გლობალური პროფესიის, ე.წ. „სუპერეროვნული“ და სამეცნიერო სფეროს მნიშვნელობის ამაღლება და ყურადღების გამახვილება შემდეგ საკითხებზე: სიღარიბის დაძლევა, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების პრობლემების მოგვარება, ქუჩასთან დაკავშირებული ახალგაზრდები, უსახლკაროები, ხანდაზმულები და ა.შ.

სოციალური მუშაობის, როგორც გლობალური პროფესიის, პოპულარიზაციის ერთ-ერთი პირდაპირი გზაა პროფესიონალებს შორის საერთაშორისო დიალოგის ხელშეწყობა.

კონფერენციის დევიზია „ადამიანის უფლებების განვითარება გლობალურ სოციალურ პროფესიაში“.

თემები:

1. მოზარდისა და ახალგაზრდობის განვითარება
2. დაბერების სერვისები და გერონტოლოგია
3. ბავშვთა კეთილდღეობა
4. სათემო სოციალური მუშაობა
5. შეზღუდული შესაძლებლობა
6. გენდერი
7. ჯანმრთელობა
8. უთანასწორობის, სიღარიბისა და სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკა
9. ემიგრანტები, ლტოლვილები, იძულებით გადაადგილებული პირები
10. ფსიქიკური ჯანმრთელობა
11. ვეტერანები და მათი ოჯახები
12. რასა და ეთნიკური წარმომავლობა
13. ნივთიერებათა ავად მოხმარება და ადიქცია
14. მდგრადი განვითარება, ურბანიზაცია და გარემოსდაცვითი სამართალი
15. ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა
16. სამუშაო და სამუშაო-ცხოვრების პოლიტიკა და პროგრამები და სხვა თემები.

თითოეული თემის განხილვა შესაძლებელია ადგილობრივ და საერთაშორისო კონტექსტში.

აბსტრაქტები მიიღება შემდეგი სამი მიმართულებით:

1. კვლევითი პრეზენტაციები, რომლებიც აღწერს, როგორ შეუწყო ხელი კვლევამ ინდივიდებში, ჯგუფებში, ორგანიზაციებში, თემებში ადამიანის უფლებების განხორციელებას;
2. კრიტიკული მოსაზრებები სოციალურ ინტერვენციებსა და პროგრამებზე, კანონებზე, თეორიებზე ადამიანის უფლებათა ჭრილში;
3. სოციალური პროექტები/აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მაგალითად, ვიდეომასალები, რომლებიც აღწერს სოციალურ აქტივობას ან რომლებიც მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

აბსტრაქტი შესაძლებელია წარმოადგინოთ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა სფეროში, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმირებულობას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

აბსტრაქტის წარდგენა

კონფერენციაზე აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.

განაცხადის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ აბსტრაქტის წარდგენის ფორმა. აბსტრაქტის ენა: ქართული ან ინგლისური

აბსტრაქტის ატვირთვა შეგიძლიათ ბმულზე: https://bit.ly/3tfPGIg

კონფერენციასთან დაკავშირებით შეკითხვებით მოგვმართეთ ელფოსტაზე: gasw@gasw.org

სათაურის ველში მიუთითეთ  „აბსტრაქტი – სტუდენტური კონფერენცია”.

კონფერენციის მხარდამჭერია ევროკავშირის პროექტი “Strengthening Social Protection in Georgia”, რომელსაც ახორციელებენ Expertise France და ჩეხეთის განვითარების სააგენტო.

კონფერენციის ფორმატი: კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში პირისპირ და Zoom-ში.

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური

დრო: 9 დეკემბერი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია, გ. წერეთლის N1

2022 წელი

დღის წესრიგი

Facebook
Twitter