28 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სოციალური მუშაობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა სემინარი „სოციალური მუშაობა და ადამიანის უფლებები“.
სემინარს უძღვებოდნენ ფანი დევიდსონი (ბავშვთა უფლებების ექსპერტი), ემა ბრობერგი (ვასტრა გიოტალანდის რეგიონის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა ექსპერტი) და ელიზაბეთ კჯელანდერი (ბავშვთა ადვოკატირების ცენტრის (CAC) წარმომადგენელი).
სემინარის მონაწილეებმა განიხილეს შვედეთის სახელმწიფოს გამოცდილება ბავშვთა უფლებები სოციალურ მუშაობაში, ადამიანის უფლებებზე დამყარებული მიდგომები, ბავშვთა ადვოკატირების ცენტრების, როგორც ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების უპირატესად მიჩნევის, პრაქტიკული მაგალითები და მომავალი პერსპექტივები, როგორ გადაიდგას ნაბიჯები ადამიანის უფლებებზე დამყარებული მიდგომის დანერგვისთვის ყოველდღიურ საქმიანობაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ასევე ბავშვთა ზრუნვის პროგრამის სფეროში მომუშავე სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივი სექტორის წარმომადგენელები. სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრისა და ლუნდის უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამართული სემინარის ორგანიზატორი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამისა და ლუნდის უნივერსიტეტის, შვედური ინსტიტუტისა და ახალგაზრდა პროფესიონალთა ზაფხულის აკადემიის (SAYP 2017) კურსდამთავრებული ნატა შარიქაძე. სემინარის ფინანსური მხარდამჭერი იყო შვედური ინსტიტუტი.