28 მარტს, გაიმართა ქ. ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტის (Palacký University, ჩეხეთი) წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის თეოლოგიის ფაკულტეტის ქრისტიანული სოციალური მუშაობის დეპარტამენტის პროფესორის, დოქტორ იაკუბ დოლეზელის საჯარო ლექცია „სპირიტუალისტური სოციალური მუშაობა“.
დოქტორი იაკუბ დოლეზელი (Mgr. Jakub Doležel, Th.D.) ქ. ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტის (Palacký University, ჩეხეთი) წმინდა კირილესა და მეთოდეს სახ. თეოლოგიის ფაკულტეტის ქრისტიანული სოციალური მუშაობის დეპარტამენტის პროფესორია. მისი ინტერესების სფეროა: ქრისტიანული სოციალური მუშაობა, სპირიტუალისტური მიდგომები სოციალურ მუშაობაში, ქრისტიანული ქველმოქმედება და სოციალური მუშაობა და სხვ.
პროფესორი დოლეზელი ხელმძღვანელობს საერთაშორისო პროექტს, რომლის მიზანია ლექტორებისა და სტუდენტების მობილობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პალაცკის უნივერსიტეტს შორის ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში https://bit.ly/3JrzHyz პროექტში, რომელიც უკვე სამი წელია მიმდინარეობს, მონაწილეობდა სოციალური მუშაობის ორივე უნივერსიტეტის 10 პროფესორი და როგორც სამაგისტრო, ასევე სადოქტორო პროგრამის 16 სტუდენტი. ამ ხნის განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა ორი უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სკოლებს შორის. პროფესორ დოლეზელისა და მისი კოლეგის, პროფესორ ტატიანა მატულაიოვას ხელმძღვანელობით სადოქტორო საფეხურის სტუდენტებმა თეონა გოცირიძემ და რუსუდან ასათიანმა მოამზადეს სოციალური მუშაობის ახალი სასწავლო კურსები, რომლებიც უახლოეს პერიოდში დაინერგება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.