24 მაისს, ხუთშაბათს, საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრის – “თანადგომა” ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა ერთ-დღიანი ტრენინგი “ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება აივ/შიდსზე – ნკტ” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მომსახურებებისა და მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის თანამშრომლებისთვის, სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის და სოციალური მომსახურების სააგენტოს მობილური ჯგუფის სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგებისთვის. ტრენინგზე დეტალურად განიხილეს აივ-შიდსთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა აივ ინფექციის ეპიდემიოლოგია, გადაცემის გზები, კლინიკური გამოვლინებები, დიაგნოსტიკა და მკურნალობის თავისებურებები. ტრენინგის ძირითადი ნაწილი ეხებოდა ნებაყოფლობითი კონსულტირების საფეხურების განხილვას. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინსტრუქცუები, თუ როგორ უნდა ჩაატარონ სწრაფი ტესტირება ნერწყვის საშუალებით აივ ინფექციაზე.
პროექტის შესახებ
პროექტი “აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან” ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის მიერ, რომელიც დაარსდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 2018 წლის თებერვალში (გრანტი ფუნდამენტური კვლევებისათვის # FR17_31).
პროექტის ფარგლებში იგეგმება საემეცნიერო ფართო მასშტაბიანი კვლევის განხორციელება ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან 2018-2020 წლის განმავლობაში. კვლევის მიზანს წარმოადგენს ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებში აივ ინფექციის გამომწვევი სარისკო ქცევების შესწავლა და მიკრო და მაკრო დონის პრევენციის მონახაზის განვითარება, რომელიც მეცნიერულ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული. ეს არის საქართველოში პირველი სამეცნიერო პროექტი სოციალური მუშაობის მიმართულებით. ამ პროექტის ფარგლებში მოხდება 14 და 19 წლამდე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრე და პოსტ კონსულტირება აივ შიდსზე და ტესტირება, რომელსაც განახორციელებენ პროექტის თანამშრომლები ორგანიზაცია “თანადგომის” სუპერვიზიით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ორგანიზაცია “თანადგომას” შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
https://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/axali-ambebi-36/nebayoflobiti-konsultireba-da-testireba-aivshidsze.page