16-20 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E102 ოთახში ჩატარდა ხუთ დღიანი საერთაშორისო ვორკშოპი თემაზე „აივ ინფექციის კვლევის დიზაინი და ქუჩასთან დაკავშირებული ახალგაზრდები“. ვორკშოპს უძღვებოდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის სოციალური სერვისების ადმინისტრირების სკოლის ასოცირებული პროფესორი და აივ ინფექციის ელიმინაციის ჩიკაგოს კვლევითი ცენტრის (CCHE) თანა დირექტორი, სოციალური მუშაობის დოქტორი ალიდა ბურის. ვორკშოპს ესწრებოდნენ სოციალური მომსახურებების და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის მკვლევრები და სოციალური მუშაობის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის პროფესორები და სტუდენტები. ვორკშოპზე განიხილეს აივ ინფექციის კვლევაში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შერჩევის და ჩართვის სტრატეგიები, ამ ტიპის მოწყვლად ჯგუფებთან კვლევის ჩატარების ეთიკური საკითხები და ზოგადად, აივ ინფექციის კვლევის მეთოდოლოგიური საკითხები.
პროექტის შესახებ
პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის მიერ, რომელიც დაარსდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 2018 წლის თებერვალში (გრანტი ფუნდამენტური კვლევებისათვის # FR17_31).
პროექტის ფარგლებში იგეგმება საემეცნიერო ფართო მასშტაბიანი კვლევის განხორციელება ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან 2018-2020 წლის განმავლობაში. კვლევის მიზანს წარმოადგენს ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებში აივ ინფექციის გამომწვევი სარისკო ქცევების შესწავლა და მიკრო და მაკრო დონის პრევენციის მონახაზის განვითარება, რომელიც მეცნიერულ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული. ეს არის საქართველოში პირველი სამეცნიერო კვლევითი პროექტი სოციალური მუშაობის მიმართულებით.