Search
Close this search box.

მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა პროექტ „აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან“ ფარგლებში

27 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა „აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან“ პროექტის ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ მიუსაფარ ბავშვთა ზრუნვის სფეროში მომუშავე 20-მდე სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, სოციალური მუშობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი შორენა საძაგლიშვილი. შეხვედრის მონაწილეთ წარუდგინეს კვლევითი პროექტი და განიხილეს რეკომენდაციები კვლევის განხორციელების, კვლევის ეთიკისა და სხვა ტექნიკური საკითხების შესახებ. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მრჩეველთა საბჭოსთან რეგულარულად გაიმართება შეხვედრები, რომლებზეც განიხილავენ კვლევასთან დაკავშირებული მიმდინარე აქტუალურ საკითხებს.

პროექტის შესახებ

პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრი, რომელიც დაარსდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, 2018 წლის თებერვალში (გრანტი ფუნდამენტური კვლევებისათვის N FR17_31).

პროექტის ფარგლებში იგეგმება ფართომასშტაბიანი სამეცნიერო კვლევა ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან 2018-2020 წლის განმავლობაში. კვლევის მიზანია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებში აივ ინფექციის გამომწვევი სარისკო ქცევების შესწავლა და მიკრო და მაკროდონის პრევენციის მონახაზის განვითარება, რომელიც მეცნიერულ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული. ეს საქართველოში პირველი სამეცნიერო პროექტია სოციალური მუშაობის მიმართულებით.

 

Facebook
Twitter